არა ახალ ცვლილებას გარემოს დაცვის შესახებ კანონში!

გთხოვთ შეხვიდეთ მიხეილ სააკაშვილის Facebook–ის გვერდზე და მისწეროთ შემდეგი შეტყობინება:

“ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ არ მოაწეროთ ხელი კანონს, რომლითაც ცვლილება შედის გარემოს დაცვის შესახებ კანონში და ფულის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი ხდება  თითქმის ყველა გარემოსდაცვითი კანონის დარღვევა.  გთხოვთ არ დაუშვათ ამ კანონის ამოქმედება, რადგან მან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს ბუნებას.”

და, აი, რატომ:

საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი ამბობს: 

ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

“სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ავტორობით პარლამენტმა 2012 წლის 20 მარტს პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს რამდენიმე კანონს შეცვლის.

ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და   დაინტერესებულ პირს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე.

შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ საქმიანობასთან გარემოს დაცვის სფეროში და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას. კანონის მიხედვით, ასევე დაუშვებელია ამ პირის მიერ გარემოს და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება.

შეთანხმების დადების შემდეგ პირს უფლება ექნება, სხვა დარღვევათა შორის:

  • მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;
  • მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით და მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით;
  • ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა;
  • საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი დატყვევება;
  • უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობა;
  • თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა;
  • ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;

კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ იმ გარემოსდაცვით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც გარემოსდაცვით ვალდებულებებს აკისრებენ სახელმწიფოს.

თუ მთავრობა ნებას დართავს პირს დაარღვიოს გარემოსდაცვითი ნებისმიერი კანონი, როგორ შეძლებს ის უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა?

კანონის მიხედვით, გარკვეული პირებს ექნებათ უფლება აწამონ ცხოველები, დააბინძურონ წყალი, ნიადაგი, ჰაერი, მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გაურკვეველი მიზნებით, რომლის ჩამონათვალიც კანონში არ გვაქვს.

კანონის მიხედვით, შეთანხმების გასაჩივრება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ამ შეთანხმების გასაჩივრება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კანონპროექტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა საჯაროდ და არ მომხდარა საზოგადოების ინფორმირება.

ეს კანონი ძალაში შესვლის შემდეგ გახდება იარაღი, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს, საქართველოს ბუნებას და ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი პარლამენტმა მიიღო, გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დღემდე არაა ცნობილი.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს ძალაში

გაავრცელე ხმა – გააზიარე ეს წერილი.

კანონპროექტი

განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე

ორჰუსის ცენტრის კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით

შენიშვნა: ეს წერილი არ გამოხატავს ორჰუსის ცენტრის პოზიციას. შესაბამისი ბმულები მოყვანილია მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა კომპეტენტური განცხადება ინტერნეტ სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. 

ორგანული ყავა “მაუნთჰაგენი”

ყავა “მაუნთჰაგენი” ერთადერთი ორგანული ხსნადი ყავაა ქართულ ბაზარზე.

  ის შედგება 100% არაბიკას მარცვლებისგან და მოყვანილია პესტიციდებისა და ქიმიკატების გარეშე.

არაბიკა ყავის საუკეთესო სახეობაა და რობუსტასგან განსხვავებით უფრო რბილი გემო და კოფეინის ნაკლები შემცველობა აქვს.

ზოგადად, ხსნადი ყავის დასამზადებლად რთული ტექნოლოგიური პროცესია საჭირო. ყავას ჯერ ხარშავენ, შემდეგ ფილტრავენ, ბოლოს კი მას ფხვნილად ან გრანულებად აშრობენ.

გაშრობის ორი მეთოდი არსებობს – ცხელი ჰაერით და გაყინვით.  ცხელი ჰაერით გაშრობის დროს ცხელი ჰაერი აორთქლებს წყალს, გაყინვით გაშრობის დროს კი ყავას ყინავენ და შემდეგ წყალს აორთქლებენ.

გაყინვის მეთოდი უფრო კარგად უნარჩუნებს ყავას არომატს და უფრო მაღალი ხარისხის ყავას გვაძლევს შედეგად.

მაუნთჰაგენის ყავა სწორედ გაყინვის მეთოდით არის გამშრალი.

Read more of this post

ცოტა რამ “ბარამბოს” შოკოლადის შესახებ

სულ ცოტა ხნის წინ ბარამბოს ახალ პროდუქტს –  “ბარამბინოს” გადავაწყდი. ეს ბარამბოს ახალი, საბავშვო ხაზია, რომლის მთავარი ღირსება, როგორც ჩანს, არის ის, რომ ის არის 100%–ით ნატურალური.

 

მეც იმ წუთასვე გადმოვატრიალე და შემადგენლობის კითხვა დავიწყე, სადაც ეწერა:

რძიანი ბატონი “ბარამბინო” – რძით
შემადგენლობა: შაქარი, მოუხდელი რძის ფხვნილი, კაკაოს ზეთი, მცენარეული ცხიმი, უცხიმო რძის ფხვნილი, სრესილი კაკაო, რძის შრატის ფხვნილი, ლეციტინი, ბუნებრივი ვანილი, ბუნებრივი არომატიზატორები “ნაღები” და “ვანილინი”.

მართლაც, არაბუნებრივი კომპონენტი მასში ვერ ვიპოვე. თუმცა, მერე დავინტერესდი, მაშ რა შემადგენლობა აქვს ბარამბოს სხვა შოკოლადებს?

Read more of this post

ბუნება ♎ ადამიანი

დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.

ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.

ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.

Read more of this post

ფროში

“ფროში”  Werner & Merz-ის ბრენდია და ის 1986 წელს დაარსდა გერმანიაში. “ფროში” მომხმარებელს ყველა სახის საწმენდ საშუალებას სთავაზობს (აბაზანის, სამზარეულოს, შუშის საწმენდ საშუალებებს და ა.შ.).

ბრენდს წელს 25 წელი შეუსრულდა და მას ათეულობით ჯილდო აქვს მიღებული ეკოლოგიური წარმოებისთვის. ფროშის პროდუქტები ბუნებრივი კომპონტენტებისგან მზადდება და შესაბამისად ისინი ბიოდეგრადირებადია – სრულიად იხსნება წყალში და არ აყენებს ზიანს გარემოს, როგორც ამას ქიმიური საწმენდი საშუალებები აკეთებს.

Read more of this post

ველედა

ველედა 1921 წელს დაფუძნებული კომპანიაა და დღესდღეობით 1400 სახეობის წამალს და 100–ზე მეტი სახეობის ნატურალური კოსმეტიკის პროდუქტს უშვებს.

ველედა დაარსდა შვეიცარიაში, ქალაქ არლესჰაიმში. მისი საწარმოები დღეს როგორც შვეიცარიაში, ისე გერმანიასა და საფრანგეთშია. ველედას პროდუქცია კი 50–ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ველედას დევიზია “ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში”. ველედა უარს ამბობს ქიმიურ ფერისა და სუნის მიმცემ დანამატებზე და კონსერვანტებზე. პროდუქტი მცენარეულია და სასიამოვნო სუნი ეთერზეთებით მიიღწევა. სამკურნალო ეფექტი კი სამკურნალო მცენარეებით.

  Read more of this post

რატომ ვანილინი და არა ვანილი?

ამ ბოლო დროს ხშირად ვამოწმებ პროდუქტის შემადგენლობას, ძირითადად საკვები პროდუქტებისას, და შევამჩნიე, რომ ვანილის ნაცვლად, ყველგან ვანილინია გამოყენებული. თვითონ ვანილის შაქარიც კი, რომელსაც საცხობად ვიყენებთ, ვანილინს შეიცავს და არა ვანილს. ცოტა ჩავეძიე ამ საკითხს და თუ არ იცით, თქვენც გაგარკვევთ.

ვანილი არის სუნელი, რომელიც მიიღება მცენარისაგან. ის იზრდებოდა მექსიკის ტერიტორიაზე, აცტეკები მას შოკოლადს უმატებდნენ. მას შემდეგ რაც ამერიკის ტერიტორია კონკისტადორებმა ჩაიგდეს ხელში, ვანილიც და შოკოლადიც ცნობილი გახდა დანარჩენი სამყაროსთვის.

  Read more of this post

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.